„ძველი თბილისის ორ – სამ ქუჩაზე საქელეხო ბრეზენტგადაფარებული კარვების გაშლა, გაუთავებელი ღრეობა და მწვადის შიშხინი თბილისობა არ არის“

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ თბილისის მერიას თბილისობის დღესასწაული დაუწუნა. როგორც ბარამიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, თბილისობის არც ვიზუალური მხარე და არც შინაარსი არაფრად ვარგოდა.
თბილისობას გიგლა ბარამიძემ ღრეობა უწოდა და მერია ახალგაზრდების მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა.
„ თბილისის მერიამ და მასთნ დაკავშირებულმა სტრუქტურებმა ძალიან შეირცხვინეს თავი თბილისობის აღნიშვნისას. ეს ყველაფერი იყო თბილისობის გარდა. თბილისობა არ არის ძველი თბილისის ორ, მაქსიმუმ სამ ქუჩაზე საქელეხო ბრეზენტგადაფარებული კარვების გაშლა და იქ გაუთავებელი ღრეობა და მწვადის შიშხინი.
თბილისის მერიამ დღესასწაულისთვის მილიონზე მეტი ლარი გამოყო, მაგრამ ეს არსად ჩანდა. ცუდი იყო ვიზუალური მხარე, შინაარსზე კი საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. ხელისუფლება უყურადღებოდ ექცევა ახალგაზრდობას. ახლახან სტიქიის დროს თავდაუზოგავად იშრომეს ახალგაზრდებმა და საოცარი თვითორგანიზებულობაც გამოავლინეს. ახალგაზრდებმა თავი გადადეს, მათ აჩვენეს ზნეობის მაგალითი. ამ გაუგებარი ღონისძიებების და ჭამა – სმის მაგივრად მერიას უნდა მოეხმო ისინი და მოფერებოდა მათ“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები