დავით ბაქრაძე სტრატეგიული კომუნიკაციის ევროპელ ექსპერტებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სტრატეგიული კომუნიკაციის სამხრეთ ევროპის ჯგუფის ხელმძღვანელს ჯაილზ პორტმანს და სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტს ანელი კიმბერლის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
მხარეებმა სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს.
დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ვრცლად ისაუბრა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ვალდებულებებსა და სარგებელზე ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.
“დღესდღეობით არა მარტო საქართველოში, არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც არის გაზრდილი არასწორი ინფორმაცია და პროპაგანდა, რომელიც საჭიროებს თანამიმდევრულ, კოორდინირებულ მიდგომას. ჩვენი აპარატიც უკვე წელიწადზე მეტია ახორციელებს სტრატეგიისა და ინფორმაციის კუთხით კამპანიას, მაგრამ ამჯერად ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. გვაქვს რამდენიმე პროექტი განხორციელების სტადიაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის სარგებელი, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოაქვს საქართველოში, იყოს სათანადოდ გაცნობიერებული და ახსნილი საქართველოს მოსახლეობისთვის, რათა მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირსა და ნატოს აქვს, იყოს მეტად გააზრებული, გაზრდილი და შენარჩუნებული”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მხარეები შეთანხმდნენ სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და ამ კუთხით, თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შეხვედრას, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.