თბილისისა და ზაარბრიუკენის დაძმობილების საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა
”თბილისობის” დღესასწაულის ფარგლებში თბილისისა და ზაარბრიუკენის დაძმობილების საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დაძმობილების 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისის მერის, დავით ნარმანიას მოწვევით, დედაქალაქს ზაარბრიუკენის დელეგაცია ეწვია. დელეგაცია, რომელსაც ზაარბრიუკენის ვიცე-მერი რალფ ლატცი ხელმძღვანელობს, თბილისში 15 ოქტომბერს ჩამოვიდა.
საიუბილეო მიღება დედაქალაქის საკრებულოში გაიმართა. თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ქართული მხარისათვის ქალაქებს შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
”წლევანდელი სახალხო დღესასწაული გამორჩეულია, რადგან „თბილისობა 2015“-ის პარალელურად, თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის დაძმობილების 40 წლის იუბილე აღინიშნება. ორმოცწლიანი მეგობრობის განმავლობაში, დაწყებული რეჟისორ ჰერმან ვედეკინდის სპექტაკლებიდან, ზაარბრიუკენი მუდამ იდგა თბილისის გვერდით. გერმანიის ეს ულამაზესი ქალაქი, ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, ზაარბრიუკენმა თბილისის დასახმარებლად სპეციალური ანგარიში გახსნა, რისთვისაც, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ”,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი 1975 წლის 22 მარტს მოეწერა.