თინა ხიდაშელი: არავითარი სამხედრო დანაშაული ქართულ სახელმწიფოს არ ჩაუდენია
სრული კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ არავითარი სამხედრო დანაშაული ქართულ სახელმწიფოს არ ჩაუდენია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა. მინისტრი ამბობს, რომ ამის დამტკიცება ქართულ მხარეს კონკრეტული ფაქტების საფუძველზე შეუძლია.
ხიდაშელის თქმით, 2009 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გამოცემული ანგარიშით, სახელწოდებით “აგვისტოს ნანგრევებში” დამტკიცებულია ათეულობით საქმე.
“ყოველი სიტყვა,რომელიც ამ ანგარიშში წერია, ჩემი დაწერილია და პასუხს ვაგებ აბსოლუტურად ყველა შეფასებაზე. ჩემი აზრით, ანგარიშში ყველაზე ღირებული არის სხვადასხვა სოფლების ფოტოები, რომლებიც 12 აგვისტომდე და 12 აგვისტოს შემდეგ არის გადაღებული. ჩვენ აქ დამტკიცებული გვაქვს ათეულობით საქმე, სადაც ცოცხალი ადამიანები სახლებში დაწვეს. ყველა შემთხვევაში დასტურდება რუსული სამხედროების კვალი, როდესაც ჯარისკაცებს, ანუ ომის ტყვეებს აწამებდნენ და როდესაც საკმაოდ დიდი რაოდენობით სამოქალაქო მოსახლეობა – ორი ასეული ადამიანი ჰყავდათ დაპატიმრებული. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი ჰქონდათ რუსულ სამხედრო ძალებს და ყველაზე დიდი მასშტაბის ომის დანაშაული ჩადენილი იყო საომარი მოქმედების დასრულების შემდეგ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, “საქართველოს ხელისუფლებას არც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, არც მის შემდეგ და არც მანამდე სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია.ხიდაშელი არ უარყოფს,რომ შეცდომები იყო დაშვებული, თუმცა მისი თქმით, ამას არაფერი საერთო არ აქვს ომის დანაშაულთან.
“საქართველოს ხელისუფლებას არც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, არც მის შემდეგ და არც მანამდე სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია.რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, დღეს ეს ჩემთვის გაცილებით ადვილი სათქმელია, ვიდრე 2009 წელს, რადგან დღეს, როგორც თავდაცვის მინისტრს, ხელი მიმიწვდება იმ ტიპის ინფორმაციაზე, რაზეც მაშინ წვდომა არ მქონდა და კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ უზარმაზარი შეცდომები იყო დაშვებული, მაგრამ ეს შეცდომები დაშვებული იყო ქართველი სამხედოების მხრიდან, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამას არაფერი საერთო არ აქვს ომის დანაშაულთან.
ერთადერთი სუსტი წერილი, რაც ჩვენ გვაქვს და ამაზე იყო საუბარი, ეს არის თავდასხმა რუს სამშვიდობოებზე. მსგავსი არგუმენტაციის საფუძველი არ არსებობს, რადგან რუსმა ე.წ. სამშვიდობოები 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში თვითონ გავიდნენ იმ მანდატიდან, რომელის ფარგლებშიც მსახურობდნენ”, – განაცხადა ხიდაშელმა.