გიორგი კვირიკაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს.
გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის ფარგლებში სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან, ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან და შავი ზღვის ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
ასევე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე საქართველოს მიეცა საშუალება, ძალზე ფართო და მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე წარმოეჩინა ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობები.
„აბრეშუმის გზის“ კონცეფცია არის მნიშვნელოვანი, რადგან ის აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების განვითარების პოლიტიკას ერთი პლატფორმის ქვეშ და სხვადასხვა ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობებს ათავსებს ერთმანეთთან. ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი ჩატარდა საქართველოში, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი კონფერენცია, მე არ მახსენდება ამხელა სპექტრი წარმოდგენილი ინვესტორებისა წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნიდან. ძალიან ბევრი ქვეყანა იყო წარმოდგენილი პრემიერ- მინისტრების და მინისტრების დონეზე. გაიმართა ძალიან საინტერესო განხილვები, არა მხოლოდ ზოგადი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისა, არამედ იყო დარგობრივი განხილვებიც. კერძოდ, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის სფეროში, სხვადასხვა დარგობრივი შესაძლებლობები და ა.შ. ეს ფორუმი, პირველ როგში, ემსახურება იმას, რომ საქართველო გახდეს ცნობადი, კომფორტული ქვეყანა ინვესტიციისთვის. ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია და არ იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა და კანონის უზენაესობა“,-განაცხადა მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ არსებული პოტენციალის სრული ათვისებით საქართველომ მიიღოს მნიშვნელოვანი ბენეფიტები ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
მინისტრის თქმით, ქვეყანას გააჩნია ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ დედაქალაქების გარდა, მთავარ საფინანსო ცენტრებშიც გაფართოვდეს საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო პოლიტიკა.
„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო იმ დინამიზმს, რომელიც დღეს აზიის ქვეყნებში არსებობს, სათავისოდ გამოიყენებს და ეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ადაქვატურად აისახება. საქართველოში არსებობს ღია სივრცეები, სადაც შესაძლებელია ინვესტიციების შემოტანა. ეს არის უპირველეს ყოვლისა ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფერო, სადაც რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციის ათვისება თავისუფლად შეიძლება; ასევე, ეს არის სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი წარმოების სფერო; ტურიზმის და სასტუმრო ბიზნესის სფერო; ენერგეტიკის სფერო და ძალიან დიდი ინტერესია ასევე ფინანსური სექტორის მიმართულებით. ამ ორი დღის განმავლობაში ძირითადად ამ სფეროებზე იყო გამოხატული ძლიერი ინტერესი. ჩვენ უნდა მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურ დედაქალაქებში, არამედ იმ ცენტრებში სადაც ფინანსები იყრის თავს მაქსიმალურად უნდა გავაფართოოთ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების კამპანია და კონკრეტული ქმედებების დავაგვირგვინოთ ეს. ამისთვის ქვეყანას ყველა ინსტრუმენტი გააჩნია“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.