„საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ არა მარტო დერეფნის ფუნქცია შეასრულოს, არამედ აქ ჩაიდოს ინვესტიციები პროდუქციის საწარმოებლად ევროპაში რეალიზაციისთვის“

„2030“-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დონდუა, „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში საქართველოში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას ელის. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, „აბრეშუმის გზის“ სარტყელზე მხოლოდ ჩინეთი 40 მილიარდზე მეტის დახარჯვას აპირებს, მისი შეფასებით, აქ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის, ლოჯისტიკური ცენტრის თვალსაზრისით საკვანძო ადგილი აქვს.
დონდუამ, ჩინეთის გარდა, ევროკავშირის ქვეყნებთან წარმატებული ვაჭრობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირთან ხელშეკრულების მოწერიდან 8 თვეში ადგილზე წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 40 პროცენტით გაიზარდა.
„აბრეშუმის გზის“ ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის. ეს რეგიონული მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. „აბრეშუმის გზის“ სარტყელზე მხოლოდ ჩინეთი 40 მილიარდზე მეტის დახარჯვას აპირებს, აქ საქართველოს, სატრანსპორტო დერეფნის, ლოჯისტიკური ცენტრის თვალსაზრისით საკვანძო ადგილი აქვს. უმოკლესი გზა საქართველოზე გადის. დიდი მნიშვნელობა აქვს ანაკლიის პორტის ფაქტორს და მის პერსპექტივას, სარკინიგზო გადაზიდვებს, ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიცაა ტურიზმი, ვაჭრობა, ლოჯისტიკა, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა. საქართველო განსაკუთრებით საინტერესოა როგორც ევროპისათვის, ისე აზიისათვის. ეს მნიშვნელოვნად აისახება ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე. ამ ყველაფრის შედეგები ხელშესახები იქნება 2016-2017 და მომდევნო წლებში. საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი იმისთვის, რომ არა მარტო დერეფნის ფუნქცია შეასრულოს, არამედ აქ ჩაიდოს სერიოზული ინვესტიციები პროდუქციის საწარმოებლად ევროპაში რეალიზაციისთვის. ევროკავშირთან ხელშეკრულების მოწერიდან 8 თვეში ადგილზე წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 40 პროცენტით გაიზარდა“, – განაცხადა მიხეილ დონდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები