„ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის ინსტიტუტის, როგორც დამოუკიდებელი შტოს ჩამოყალიბებას, ბევრ რამეს შესძენს“
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ პარტიის ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის ფაქტი შეაფასა. როგორც ნაჭყებიამ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ფიქრია ჩიხრაძე მდიდარი გამოცდილებით, კონტაქტებით, გახსნილობით, პრეზიდენტის ინსტიტუტის, როგორც დამოუკიდებელი შტოს ჩამოყალიბებას, ბევრ რამეს შესძენს.
„ საქართველოში დღეს ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის ინსტიტუტის, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს ჩამოყალიბებას. ჩვენ არ გვყოლია პრეზიდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად მოტივირებული და არ არის არცერთი პარტიის წევრი. გიორგი მარგველაშვილის პირადი თვისებების გამო თუ მისი აზროვნებიდან გამომდინარე, მან შეძლო და დაიმკვიდრა თავი, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს წარმომადგენელმა. ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია ფიქრია ჩიხრაძის პრეზიდენტთან გადაყვანა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რადგან ფიქრია თავისი მდიდარი გამოცდილებით, კონტაქტებით, გახსნილობით, ბევრ რამეს შესძენს პრეზიდენტის ინსტიტუტის, როგორც დამოუკიდებელი შტოს ჩამოყალიბებას. ფიქრიას არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არასდროს არ ჰქონია გამწვავებული ურთიერთობები. ის გამოირჩევა თავისი გაწონასწორებულობით, მას მიესვლება ყველასთან და ყველას მიესვლება მასთან. ფიქრია ჩიხრაძე არ არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ან სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელია. რაც შეეხება ფიქრიას შეხედულებებს, მისი შეხედულებები, ბუნებრივია, ისეთივე დარჩება. მას შესწევს უნარი, მისი შეხედულებები ობიექტური იყოს და საკუთარი ხედვები არ მოახვიოს პრეზიდენტს“,- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.