დავით უსუფაშვილი: მე წარმოვადგენ საქართველოს, რომელსაც ახლა დიდი პრობლემები აქვს მეზობელთან
მე წარმოვადგენ საქართველოს, რომელსაც ახლა დიდი პრობლემები აქვს, ჩვენ გვაქვს პრობლემები ჩვენს მეზობელთან – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
დავით უსუფაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება, უსუფაშვილმა მონაწილეობა მიიღო აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის თემატური კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში.
„საქართველო, ჩვენი აღქმით, ევროპის ნაწილია; ამასთან, ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს აზიის ნაწილიც ვართ – აზიისა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერი და დიდი ხდება და რომელიც უფრო და უფრო მეტ პარტნიორს იძენს. ფაქტობრივად, ჩვენ ერთ მსოფლიოზე, ერთ კონტინენტზე ვსაუბრობთ, რომელიც ყველას გვაერთიანებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა დისკუსიის მონაწილეებს ქართული დელეგაციის წევრები წარუდგინა. მისივე შეფასებით, ამ ტიპის პროექტების განხორციელებისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სწორი პოლიტიკური ლიდერობაა, თუმცა, მიუხედავად პოლიტიკური პარტიების დიდი მნიშვნელობისა, არის მედლის მეორე მხარეც, რაშიც პოლიტიკური პარტიების მხრიდან ასეთი პროექტების განხორციელების ხელშეწყობის აუცილებლობა მოიაზრება და არა რაიმე ტიპის დაბრკოლებების შექმნა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტს ინიციატივაში ჩართული ყველა ქვეყნის ყველა პოლიტიკური პარტიისგან პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს. პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას სამდივნო ან ცენტრი, ან მუშაობა გაგრძელდეს აზიური პოლიტიკური პარტიების კონფერენციის ქოლგის ქვეშ, რაც იქნება მომავალში იმის გარანტია, რომ მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდება და მათში აქტიურად იქნებიან ჩართული მონაწილე ქვეყნების პოლიტიკური პარტიები. აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის კონფერენციის შედეგები შემაჯამებელ დოკუმენტში აისახება. დისკუსიის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეორე ინიციატივით მიმართა. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს კონფერენციის მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა და ეს იქნება მომავალში ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს მიუხედავად არჩევნებში გამარჯვებული ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული კონსესუსის საჭიროებაზე ისაუბრა, რომელიც ამ ინიციატივის მხარდასაჭერად ყველა ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა იქნას მიღწეული. დავით უსუფაშვილმა ისაუბრა იმ პრობლემებზეც, რომელსაც ამ გზაზე პარტიები აწყდებიან. „როდესაც არჩევნები ახლოვდება, პარტიები ერთმანეთთან ბრძოლას იწყებენ და ამ ბრძოლაში ხანდახან გვავიწყდება ეს გრძელვადიანი მნიშვნელოვანი იდეები და მიზნები და ამ გრძელვადიან მიზნებს მსხვერპლად ვწირავთ პოლიტიკოსებისა და პარტიების მოკლევადიან მიზნებს. დავით უსუფაშვილის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო დონეზე კონსესუსის მიღწევაა და აქაც გარკვეული პრობლემების დაძლევაა საჭირო. „მჯერა დროა, ყველამ გააცნობიეროს, რომ იზოლაციას ან გაფართოებას, ორივეს, საბოლოოდ უარყოფითი შედეგები მოაქვს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აბრეშუმის გზის იდეა ძალიან მნიშვნელოვან, მომავლის ფუნდამენტურ გაგებაზეა დაფუძნებული, რომ მომავალში ჩვენ განსხვავებულები დავრჩებით და ეს არ არის პროექტი, რომელიც ჩვენ ერთმანეთს დაგვამსგავსებს, ან ერთ კულტურას მეორეზე გაავრცელებს, ან გვეყოლება გამარჯვებულები და დამარცხებულები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. დისკუსიაში მონაწილეობისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს საზღვრებს განსხვავებულად ხედავს, რუსეთია, თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველი პოლიტიკოსების აზრით, ყველა კონფლიქტი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა რეგონებშიც, მხოლოდ მეტი კონტაქტის, მეტი ჩართულობის, ორმხრივი ინტერესებისა და ორმხრივად სარგებლის მომტანი პროექტებით უნდა გადაწყდეს. „მე წარმოვადგენ საქართველოს, რომელსაც ახლა დიდი პრობლემები აქვს, ჩვენ გვაქვს პრობლემები ჩვენს მეზობელთან. რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს საზღვრებს სხვაგვარად ხედავს და არავინ, არც ამ ოთახში და არც მსოფლიოში ამ ხედვას არ იზიარებს. თუმცა, ესაა ამჟამინდელი მდგომარეობა ჩემს ქვეყანაში და ჩემს რეგიონში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ, ქართველი პოლიტიკოსები ვამბობთ, რომ აბრეშუმის გზის პროექტები, რკინიგზა, საზღვაო პორტები, სხვა დანარჩენი, რაც საქართველოში აშენდება, რუსეთისთვისაც სასარგებლოა, რადგან, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ყველა კონფლიქტი, როემლიც შესაძლოა არსებობდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც, უნდა მოგვარდეს მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ მეტი კონტაქტის, მეტი ჩართულობის, მეტი ორმხრივი ინტერესებისა და სარგებლის გზით. ამიტომ, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, არ გამოვიყენოთ სამხედრო ძალა მომავალში ამ პრობლემების გადასაჭრელად. ამიტომაც მჯერა, რომ ამ ტიპის მიდგომა უნდა გაიზიაროს ყველა პოლიტიკურმა პარტიან და ამ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ, საჭირო კონსენსუსს მივაღწიოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან, ვიქტორ დოლიძესთან და ტარიელ ლონდარიძესთან ერთად, პეკინში მიმდინარე აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის თემატურ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა დავით უსუფაშვილმა უკვე გამართა შეხვედრა თავის ჩინელ კოლეგასთან, ერთანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჩჟან დეძიანგთან. ამასთან, სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ცზეპინმა ერთობლივი შეხვედრა გამართა კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დღესვე, ქართულმა დელეგაციამ მოინახულა ჩინური ტრანსნაციონალური სატელეკომუნიკაციო კომპანია – „ჰუავეი“. დაგეგმილია, აგრეთვე, ტელესაკომუნიკაციო კორპორაციის „ზე-ტე-ი”-ს (ინგლ. ZTE) დათვალიერება. ვიზიტის დასასრულ, დავით უსუფაშვილი მონაწილეობას მიიღებს, კონფერენციის დახურვის ცერემონიაში და ინტერვიუს მისცემს მასმედიის წარმომადგენლებს.