დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრს, პიტერ გაშპერშიჩს შეხვდა.
სლოვენიის დელეგაცია საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და სლოვენიის ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობასა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სლოვენიას შორის გაფორმდა შეთანხმება „სამგზავრო და სასაქონლო საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრმა პიტერ გაშპერშიცმა.
შეთანხმებით განისაზღვრა სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შეთანხმების თანახმად, საქართველოს სატრანსპორტო საშუალებები უფრო უსაფრთხოდ გადააადგილდებიან სლოვენიის ტერიტორიის გავლით და პირიქით. „სლოვენია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არსებობს,“ – განცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეხვედრაზე საუბარი ასევე წარიმართა საქართველოსა და სლოვენიას შორის ტურიზმის განვითარებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის დამყარების შესაძლებლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები