პარლამენტმა პლენარული სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ, რომელიც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას უძღვებოდა, მოსახლეობას წმიდა დიდმოწამეების, არგვეთის მთავრების – დავითის და კონსტანტინეს ხსენების დღე მიულოცა. ამის შემდეგ პარლამენტმა პლენარული სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა და მუშაობა კანონპროექტების განხილვით დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კოლეგებს პირველი მოსმენით წარუდგინა.
ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, კანონპროექტის ინიცირება იმ ხარვეზებმა განაპირობა, რომლებიც გამოვლინდა სექტემბერში, პროკურატურის შესახებ კანონპროექტის განხილვისას. ამგვარად, კანონით განსაზღვრულია საპროკურორო საბჭოს წევრთა პარლამენტის მიერ არჩევის წესი, მაგრამ განსაზღვრული არ არის პარლამენტის მიერ თავის წევრთაგან საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევის წესი იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობა არ არის ჩამოყალიბებული.
შემოთავაზებული პროექტი ასეთ თეორიულ შემთხვევას ითვალისწინებს და ამ შემთხვევაში კანდიდატების წარდგენის შესაძლებლობა მიეცემა ყოველ ფრაქციას, ან პარლამენტის წევრთა 6-კაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაწევრებული. კანონპროექტით განსაზღვრულია აგრეთვე საპროკურორო საბჭოს ახალი წევრის არჩევის ვადები მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას, ან ვადამდე შეწყვეტისას.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია საპროკურორო საბჭოს ფორმირებისათვის. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები საბოლოო – მესამე მოსმენით წარადგინა და აღნიშნა, რომ განხილვის ამ ეტაპზე არანაირი შენიშვნები არ წარმოუდგენიათ. წარმოდგენილი ცვლილებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქონლის საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელ შესაბამისი ფორმის სერტიფიკატს გასცემს სსიპ შემოსავლების სამსახური, ნაცვლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსი.
პარლამენტის დილის პლენარულ სხდომაზე ასევე განიხილეს: კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (მეორე მოსმენა), რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ წარადგინა; პარლამენტის დადგენილების პროექტი „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასა და საქართველოს შორის ორგანიზაციის (opcw) პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების ტაობაზე; კანონპროექტები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მეორე მოსმენა) და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მეორე მოსმენა).