ბულგარეთის შს მინისტრი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში წარმატებას უსურვებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრს რუმიანა ბაჩვაროვას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა, რეგიონალური უსაფრთხოებისა და უმაღლეს დონეზე ვიზიტების გაცვლის საკითხები.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა რუმიანა ბაჩვაროვას ბულგარეთის რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, რუმიანა ბაჩვაროვამ დაადასტურა ბულგარეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და წარმატება უსურვა ქართულ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.
რუმიანა ბაჩვაროვა საქართველოს 14 ოქტომბერს ესტუმრა და 16 ოქტომბრამდე დარჩება. იგი ასევე შეხვედრებს მართავს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.