EIB-ის მხარდაჭერით „ქუთაისის წყალარინების პროექტი” დაფინანსდება

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მყოფი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი ლასლო ბარანიაი (Laszlo Baranyay), საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს შეხვდა.
მხარეებმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ფინანსთა მინისტრმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „ქუთაისის წყალარინების პროექტის” დაფინანსების მიზნით 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.
ხელმოწერის ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი დაესწრნენ.
აღნიშნული პროექტის თანადაფინანსებისათვის ევროკავშირის მიერ ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) ფარგლებში გამოყოფილი იქნება 4,75 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი და ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდიდან (EPTATF) 3,25 მილიონი ევროს ოდენობით გრანტი პროექტის ტექნიკური დახმარებისთვის.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა (კერძოდ, შეიცვლება ძველი და დამონტაჟდება ახალი საკანალიზაციო მილები, ჩამდინარე წყლების ახალი სატუმბი სადგურები, მოეწყობა ახალი და მოხდება ძველი საკანალიზაციო ჭების რეაბილიტაცია, აშენდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ახალი ნაგებობა.)
პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით წყლის სექტორში მიმდინარეობს ორი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების (სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, შიდა ქართლი და კახეთი) მასშტაბით წყლისა და სანირების სფეროში ეფექტურობის, მომსახურების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით ქვეპროექტების განხორციელებას. აღნიშნულისათვის EIB-ის მიერ გამოყოფილია 80 მლნ ევრო სესხის სახით.
EIB-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე აღნიშნული პროექტების თანმდევი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) ფარგლებში გამოყოფილია გრანტები, პირველი პროექტისთვის 4 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო მეორე პროექტისთვის – 8 მილიონი ევროს ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები