აშშ-ს დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობაა მიმოხილული
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, საქართველოში 2014 წელს, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობაცაა მიმოხილული.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას უზრუნველყოფს და სახელმწიფოს ეკლესიისგან მიჯნავს, “კანონი და პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და აძლევენ ისეთ პრივილეგიებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის”.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია და მოქმედებების შესაბამისი გეგმა შეიმუშავა, რომელიც რელიგიური შემწყნარებლობის ხელშეწყობასა და რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ბრძოლისკენაა მიმართული. “საქართველოს მთავრობამ 2014-2020 წლის ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია მიიღო, რომლის თანამადაც, რელიგიის თავისუფლება და რელიგიური უმცირესობების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობამ ასევე მიიღო 2014-2016 წლის მოქმედებათა გეგმა, რომლის ამოცანებში რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, რელიგიური სიძულვილისა და შეუმწყნარებლობის ნიადაგზე განხორციელებული დანაშაულის აღკვეთა და ეფექტური გამოძიება, საჯარო სექტორში სეკულარიზმის პრინციპის განმტკიცება, საგანმანათლებლო სისტემის საშუალებით რელიგიური თანასწორობის ხელშეწყობა და საზოგადოების ინფორმირებულობისა და ტოლერანტობის დონის გაზრდაა”, – ნათქვამია ანგარიშში. რაც შეეხება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნას, დოკუმენტში წერია, რომ სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური ჯგუფების კრიტიკის საგანი გახდა იმის გამო, რომ აღნიშნულ უწყებაში რელიგიური უმცირესობები წარმოდგენილნი არ არიან, სააგენტო კი, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამჭვირვალე არ არის. ანგარიშში ასევე წერია, რომ “აფხაზეთში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, ბაპტისტებს, ლუთერანებსა და კათოლიკეებს რელიგიური საქმიანობის საშუალება აქვთ. სამხრეთ ოსეთში კი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ აკრძალა რელიგიური მსახურება ნულის და ერედვის ქართულ სოფლებთან მდებარე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში”. “სამხრეთ ოსეთში, “იეჰოვას მოწმეებს” ოფიციალურად არ აღიარებენ და რელიგიურ მსახურებებს ფარულად ატარებენ. ისინი დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან იდევნებიან. ახალგორში, ადგილობრივი ხელისუფლება კვლავ ხელს უშლის “იეჰოვას მოწმეებს” რელიგიური ღონისძიებების ჩატარებაში და მათი ლიტერატურა ექსტრემისტულად აღიარა. აფხაზეთში “იეჰოვას მოწმეები” ოფიციალურად აკრძალეს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეთ მცხოვრები ადამიანები კვლავ აწყდებიან სირთულეებს ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთისას და ოჯახის წევრების საფლავების მონახულებისას, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში“,-აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტში ქობულეთსა და მოხეში მომხდარი ფაქტებიცაა ნახსენები.