რუსეთიდან საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ რამდენიმე პირს გადმოიყვანენ
უახლოეს პერიოდში შესაძლოა, რუსეთიდან საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ რამდენიმე ქართველი გადმოიყვანონ, – ამის შესახებ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და სწორედ ეს იქნება აბაშიძე – კარასინის მორიგი შეხვედრის მთავარი საკითხი. „რამდენიმე ჩვენი მოქალაქე ჩვენ დავაბრუნეთ. ვფიქრობ, ეს კარგი და სერიოზული საქმეა და ადამიანებთან არის დაკავშირებული რომელთაც 10, 12, 14 წელი აქვთ მისჯილი. რამდენიმე ჩვენი მოქალაქე კიდევ დასაბრუნებელია და მე ვფიქრობ, ჩვენ ძალიან სერიოზულ პროგრესს მივაღწევთ. ვიმედოვნებთ, რომ ალბათ დავხურავთ პერსპექტივაში ამ თემას“,- განაცხადა აბაშიძემ.
კარასინი-აბაშიძის შეხვედრა ნოემბერშია დაგეგმილი.