პრემიერი: ის, რომ ამ ფორუმს ესწრება ასობით ბიზნესმენი, ცხადყოფს „აბრეშუმის გზის“ დიდ პოტენციალს

ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას, წინ დიდი სამუშაო გველის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “აბრეშუმის გზის” ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” მონაწილეებს აბრეშუმის გზის პოტენციალის შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო.
“ის, რომ ამ ფორუმს ესწრება ასობით ბიზნესმენი, ცხადყოფს „აბრეშუმის გზის“ დიდ პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, რომ ვაჭრობა და კომერცია ხელს შეუწყობს მშვიდობიან თანამშრომლობას. თავს უფლებას მივცემ, დღეს აქ წარმოდგენილი ყველა სახელმწიფოს სახელით განვაცხადო, რომ ჩვენი ბიზნესლიდერები ჩვენი ქვეყნების შესანიშნავი ელჩები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს საერთო კეთილდღეობას. არც ახალი „აბრეშუმის გზის“ პოტენციალი და არც ამ ფორუმის მასშტაბი არ არის მოკრძალებული. ჩვენ განვიხილავთ რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა სექტორში: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი/ტურიზმი და საერთაშორისო ვაჭრობა. ჩვენთვის სასარგებლო იქნება გამოცდილი მოდერატორებისა და სადისკუსიო ჯგუფების მონაწილეთა მოსაზრებები და რეკომენდაციები,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ „აბრეშუმის გზის“ გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა ჩინეთიდან ევროპაში სწრაფად და იაფად გადაზიდვების შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმის მონაწილეები ბიზნესებს შორის დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებშიც ჩაერთვებიან, რაც თანამშრომლობის განმტკიცების წინაპირობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები