ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოთი დაინტერესება მსოფლიოში დღითიდღე იზრდება

საქართველოთი დაინტერესება მსოფლიოში დღითიდღე იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “აბრეშუმის გზის ფორუმის” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს, ძირითადად, გამოწვეულია ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობითა და ხელსაყრელი ბიზნესგარემოთი.
“სულ რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე ჩინეთს, სადაც ძალიან თბილად მიმიღეს. ჩემი ენთუზიაზმი გააათმაგა საქართველოთი დაინტერესებული ბიზნესების მოზღვავებამ. ამ ვიზიტის ფარგლებში გაცხადდა ჩვენს ქვეყანაში ახალი მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებაც. ეს მოვლენები ხაზს უსვამს საქართველოს ტრანსფორმაციას მულტირეგიონალურ სავაჭრო კარიბჭედ, რომელიც აკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიასა და შუა აღმოსავლეთს. საქართველოს წყალობით, კერძო პირებსა თუ კომპანიებს მარტივად მიუწვდებათ ხელი მილიარდობით მომხმარებელზე აზიასა და ევროპაში, ხოლო აზიის პროდუქცია და ენერგორესურსები საქართველოს გავლით ბევრად უფრო სწრაფად მიეწოდება ევროპას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ “თბილისის აბრეუმის გზის ფორუმის” დანიშნულება არის არა მხოლოდ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის, მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა, არამედ პეკინიდან ბრიუსელამდე ყველასთვის საერთო სარგებლის მოტანა.
მასშტაბური საინვესტიციო ფორუმი თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებას საქართველოს 31 ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის სხვადასხვა მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ცნობილი ეკონომისტები და ჟურნალისტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები