„ჰააგამ არაერთი ქვეყნის პირველი პირი გაასამართლა და იგივე ბედი ეწევა ოკუპანტი ქვეყნის პირველ პირსაც“
ჰააგამ არაერთი ქვეყნის პირველი პირი გაასამართლა და იგივე ბედი ეწევა ოკუპანტი ქვეყნის პირველ პირსაც, – ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სუბარი რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ მოქმედებებს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს უწოდებს. მისი თქმით, ეს არის ეთნიკური წმენდა როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე კოდორის ხეობაში.
„ამას ცხადია საერთაშორისო სასამართლო დაადგენს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ვერ გაბედა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეეტანა სარჩელი და ეს გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ადამიანებმა, რომლებიც არიან ჩვენ კოალიციაში, მაგალითად თინა ხიდაშელმა, ახლანდელმა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა. რაც მათ გააკეთეს, უნდა გაეკეთებინა მაშინდელ ხელისუფლებას და საინტერესოა, რატომ ვერ გააკეთეს“, – განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება საკითხს, აქვს თუ არა ჰააგის სასამართლოს ბერკეტები, ობიექტურად გამოიძიოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულები, სუბარმა აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს უფრო მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე ეროვნულ გამოძიებას.
„დღეს რა ხდება იმ ტერიტორიაზე, ცხადია ჩვენ ვერ გამოვიძიებთ, მაგრამ ჰააგის სასამართლო იმიტომაც არის ჰააგის სასამართლო, რომ მას აქვს უფრო მეტი ბერკეტი, ვიდრე ეროვნულ ხელისუფლებას და გამოძებას შეუძლია. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. გახსოვთ, რომ რამდენჯერაც მოვიდა ჰააგიდან მოთხოვნა, როგორ ყვიროდა სააკაშვილი, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთო. და რატომ არ უნდა გავაკეთოთ? არ უნდა დაფიქსირდეს ეთნიკური წმენდა? თუ ჰააგის სასამართლო იქნება პრინციპული, მას არაერთი ქვეყნის პირველი პირი გაუსამართლებია და იგივე ბედი ეწევა ოკუპანტი ქვეყნის პირველ პირსაც“, – განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას ითხოვს. პროკურორმა მოსამართლეებს მიმართა და 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდის გამოძიება მოსთხოვა.