გიორგი მარგველაშვილი ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

  საქართველოს პრეზიდენტი დღეს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზარარ აჰმად ოსმანს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და ყურადღება ეკონომიკის, სამხედრო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე გაამახვილეს.
ქვეყნის პირველმა პირმა ავღანელ სტუმართან ჰელმანდის პროვინციაში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ISAF-ის მისიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების საქმეში. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ავღანეთში დაგეგმილი სამართლიანი და თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებას და მის შემდგომ განვითარებას. ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში, ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ქართველ სამხედროებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ზარარ აჰმად ოსმანს იმ კეთილგანწყობისთვის, რომელსაც ავღანეთის მოსახლეობა ქართველი სამხედროების მიმართ იჩენს.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა და მას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში ივანე მაჭავარიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები