დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა.
14 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარე აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის თემატური კონფერენციის გახსნის ცერემონიას დაესწრება და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ამავე დღეს, დაგეგმილია დავით უსუფაშვილის შეხვედრა ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, ბატონ ჭან დეძიანგთან.
15 ოქტომბერს, სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ცზინპინი ერთობლივ შეხვედრას გამართავს კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, აგრეთვე, ტელესაკომუნიკაციო კორპორაციის „ზე-ტე-ის“ (ინგლ. ZTE) დათვალიერება. ვიზიტის დასასრულს კი, 16 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს თემატური კონფერენციის დახურვის ცერემონიაში. გათვალისწინებულია, ასევე, დავით უსუფაშვილის ინტერვიუ მასმედიის წარმომადგენელთათვის.