გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს აზიმ სადიკოვს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის შეხვედრის შედეგები იყო.
მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერების მნიშვნელობას და ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძის ადგილმონაცვლის შერჩევის პროცესის მიმდინარეობას. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კანდიდატების შერჩევის პროცესზე.
აბაშიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატები მაღალი პროფესიული ნიშნის მქონე, პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი ადამიანები იყვნენ. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ეროვნული ბანკის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.