ზურაბ ტყემალაძე: მე მგონი, რომ არასწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ კანონი კანონია
მე მგონი, რომ არასწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ კანონი კანონია – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზურაბ ტყემალეძემ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
„მე მგონი, რომ არასწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ კანონი კანონია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ და დავემორჩილოთ. დაველოდოთ მოვლენებს, პანიკას ნუ ავტეხავთ. როგორც გადავლახეთ ვეტო და როგორც გავიარეთ ეს პერიოდი, ასე წყნარად უნდა გავიაროთ დარჩენილი დროის მონაკვეთი“, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ მდივანმა ზურაბ ტყემალაძემ.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისცა, ოთხი კი წინააღმდეგი იყო. სარჩელი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა მოამზადეს.