ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში უპრეცედენტოდ თავისუფალი მედიაგარემო არსებობს
გაუგებარია, რატომ არ წყდება სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება მედიის თავისუფლების შეზღუდვითაა დაინტერესებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საქართველოში უპრეცედენტოდ თავისუფალი მედიაგარემო არსებობს. მისივე თქმით, საქართველო მედიის თავისუფლების, მთავრობის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის კუთხით კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
„არ წყდება სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია მედიის შეზღუდვით. მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ საქართველოში უპრეცედენტოდ თავისუფალი მედიაგარემო არსებობს. ჩვენ ერთ-ერთი ლიდერი ვართ არა მხოლოდ კავკასიის, არამედ სხვა რეგიონებში მედიის თავისუფლების, მთავრობის გამჭვირვალობის და ეფექტიანობის კუთხით. ამაზე მეტყველებს მსოფლიო ბანკის შედეგებიც. ეს არის საინტერესო ჩვენი მოსახლეობისთვის. ის პერსპექტივები, რაც ქვეყანას აქვს და არა ის, რომ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ტექნიკურ საკითხებზე „გაზპრომის“ წარმომადგენლებს ელაპარაკა.
„გაზპრომის“ საკითხი ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან არის აბსოლუტურად პოლიტიზებული.
მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო მოსახლეობისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დამაკავშირებელია როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთით, ისე ჩრდილოეთით და სამხრეთით. მრავალი წელია „გაზპრომის“ გაზსადენი სომხეთს გაზს აწოდებს. აქედან ჩვენს ქვეყანას გარკვეული ოდენობის გაზი რჩება. ტრანზიტში ჩვენი ქვეყანა იღებს გაზს. ვინაიდან სომხეთს სურს გაზის მოცულობის გაზრდა, ანუ „გაზპრომისგან“ მეტი გაზის მიღება, ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია, გაზრდილი ოდენობის გაზი მიიღოს. რა არის აქ უჩვეულო და რა საჭიროა ამდენი აჟიოტაჟი, ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.