კახა კალაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეულ ეჭვებს ბადებს
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რა თქმა უნდა, თემის პოლიტიზებასთან დაკავშირებით, -ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
“ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას უნდა ვცეთ პატივი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს და, ზოგადად, სასამართლოს ეხება. თუმცა ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო ეს გადაწყვეტილება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, რადგან ამ კანონპროექტის მომზადება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩართული იყო სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, ექსპერტები და პრობლემა არ ყოფილა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კანონი არის დახვეწილი როგორც ევროპულ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია.
“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რა თქმა უნდა, თემის პოლიტიზებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისცა, ოთხი კი წინააღმდეგი იყო. სარჩელი “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა მოამზადეს.