გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებს – ბორის ცილევიჩსა და შერსტინ ლუნდგრენს შეხვდა. ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტის მიზანს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს წარმოადგენს. მხარეების შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებაზე, აგრეთვე იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.
საუბარი ასევე შეეხო ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განხილულ თემებსა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას შეხვედრები აქვს დაგეგმილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან, ასევე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები