გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს
გადაწყვეტილება იყო “პოლიტიკურად ანგიჟირებული” , – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ამ უკანასკნელმა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.
ვოლსკის მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ავალებენ.
“მე იურისტი არ ვარ, მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს, რომ გარკვეულწილად ეს იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება, რადგან საკონსტიტუციო დარღვევებთან დაკავშირებით აქამდე არცერთ იურისტს არ გაუკეთებია განცხადება, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ღრმად არიან ჩახედულნი ამ საკითხში. იკვეთება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც მნიშვნელოვანწილად მოდის იმ გუნდიდან, რომლის მიმართაც არასდროს ჰქონიათ რაიმე შენიშვნა. ვფიქრობ, ამ გუნდის წევრობა პაპუაშვილს ავალებს, რომ გარკვეულწილად გამოხატოს პოლიტიკურად ანგაჟირებული პოზიცია, რომელსაც კავშირი არ აქვს სამართლებრივ საკითხებთან. შეიძლება მწვავე განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი და ბევრი ჩემი კოლეგის გადმოსახედიდან სწორედ ასე ჩანს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისცა, ოთხი კი წინააღმდეგი იყო. სარჩელი “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა მოამზადეს.