„მე მაქვს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც შეიძლება პენსიის მატებისთვის თანხები მოიძიონ“

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ბიუჯეტის განხილვისას, სპეციალური რეკომენდაციები გააჟღერა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პენსიების ზრდისთვის გარკვეული რესურსები გამოინახოს.
როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ამ მიმართულებით ის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობას იწყებს. ხუნდაძის აზრით, იმისათვის, რომ პენსიონერებს ყოფითი მდგომარეობა შეუმსუბუქდეთ, რესურსის მოძებნა შესაძლებელია.
„საპენსიო კუთხით ნულოვანი მატება არ არის, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან ბიუჯეტის გასაცემელი 400 მილიონით გაიზარდა საპენსიო გასაცემელი და ეს ქვეყნის ფინანსური რესურსისთვის ცოტა არ არის, ამის გარდა, 2016 წელს საპენსიო გასაცემელის მატება 90 მილიონით არის შემოთავაზებული, მაგრამ მე დავაყენე საკითხი, რომ ეს საკმარისი არ არის.
ბოლო პერიოდში იყო სავალუტო კრიზისი, ადგილობრივი ვალუტის დევალვაცია, რომლის მიზეზი არ არის ქვეყნის შიგნით და წინასწარ ვერ მოხდებოდა იმის პროგნოზირება, რომ რუსეთ – უკრაინის ომი დაიწყებოდა, ნავთობპროდუქტებზე ასეთი რყევადი ფასები იქნებოდა, ის, რომ დოლარი ჩვენს რეგიონში, და არა მარტო ჩვენს რეგიონში, ასე გამყარდებოდა. ეს პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს პენსიონერებისთვის არ არის შვება. რთულია, მაგრამ მე ვფიქრობ, შეიძლება რესურსის მოძებნა, რომ პენსიონერებს ყოფითი მდგომარეობა შევუმსუბუქოთ. ჩემ მიერ უკვე გაჟღერდა კომიტეტში რეკომენდაციები, სადაც მაქვს საუბარი რესურსებზე, საიდანაც შეიძლება პენსიის მატებისთვის თანხების მოძიება. ეს არ არის მხოლოდ თეორიული ვარიანტების განხილვა. მინისტრის მოადგილე დამეთანხმა და ჩვენ ამ მიმართულებით უკვე სამუშაო რეჟიმზე გადავალთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები