კახა კალაძე: 70-იანი წლების შემდეგ საქართველოს ენერგეტიკაში ასეთი აღმავლობა არ ყოფილა
დღეს ჩვენ ვქმნით იმ ფუნდამენტს, რომელიც აუცილებელია დარგის განვითარებისათვის. ეს არის სფეროს პოპულარიზაცია, დასაქმების პერსპექტივა, ნოვატორული მიდგომები, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინსიტრმა, კახა კალაძემ დღეს უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიშის წარდგინებისას განაცხადა.
როგორც კალაძემ ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლესა და სტუდენტებს ანგარიშის წარდგინებისას განუცხადა, საქართველოს მთავრობა და პოლიტიკოსები ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ პოლიტიკია და ენერგეტიკის სფერო ერთმანეთისგან გამიჯნონ, რათა მომავალ თაობას ჯანსაღი მომავალი შეუქმნან.
“წარმოგიდგენთ ენერგეტიკაში მიმდინარე მოვლენებს, მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს. მივმართავ ახალგაზარდობას: ენერგეტიკა დღეს არის დარგი, რომელიც განიცდის აღმავლობას და ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი მიმართულება ხდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ახალი სისხლი, თქვენი, სტუდენტების და ახალგაზრდა პრაქტიკოსების ჩართულობა. თქვენ უნდა დანერგოთ და აითვისოთ ენერგეტიკაში ახალი ტექნოლოგიები. თქვენ უნდა უზრუნველყოთ სისტემის გამართული და უხარვეზო მუშაობა, უნდა მიიღოთ სტრატეგიის დაგეგმარებაში მონაწილეობა, გახადოთ პროცესები გამჭვირვალე და პროგრესირებადი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ სფეროს, რის შედეგებსაც მომავალი თაობა დაინახავს. მივმართავ ყველა თაობის პროფესორ-მასწავლებლებს და მეცნიერებს – დავდგეთ ერთად და გავზარდოთ პროფესია ენერგეტიკოსის რეჟიმი, რათა ახალმა თაობამ ამ მიმართულებით შექმნას მომავალი. დღეს ჩვენ ვქმნით იმ ფუნდამენტს, რომელიც აუცილებელია დარგის განვითარებისათვის. ეს არის სფეროს პოპულარიზაცია, დასაქმების პერსპექტივა, ნოვატორული მიდგომები. ჩვენ, პოლიტიკოსები, ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევქმნათ ჯანსაღი გარემო, გავმიჯნოთ ენერგეტიკის თემა და პოლიტიკა, აღვადგინოთ ის შელახული იმიჯი, რაც გამოიწვია ხელისუფლების ცვლამ და საბოლოოდ გავათავისუფლოთ ეს დარგი დამკვიდრებული არასწორი სტერეოტიპისაგან”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ენერგეტიკის უწყების მთავარი მიღწევა, უწყებაში პიროვნული ინტერესებისა და პოლიტიკური რეალიების გამიჯვნაა. მისივე თქმით, უწყებაში მიმდინარე პროცესები გამჭვირვალე და სტაბილურია, რაც ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულმა ინვესტიციებმა განაპირობა. “დღეს ჩვენი მთავარი მიღწეული შედეგი არის ის გარემო, სადაც გავმიჯნეთ პიროვნული ინტერესები და პოლიტიკური რეალიები. პროცესები არის გამჭვირვალე და სტაბილური, რასაც ხელი შეუწყო ამ დარგში განხორციელებულმა ინვესტიციებმა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ბევრი განხორციელდა და ძალიან დიდი და მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. ხშირად ვიმეორებ და დღესაც გავიმეორებ, რომ 70-იანი წლების შემდეგ, საქართველოს ენერგეტიკაში ასეთი აღმავლობა, ასეთი მასშტაბური ინვესტიციები არ განხორციელებულა, ეს, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის თითოეულ წევრს თანადგომისა და დახმარებისთვის.
“მადლობა მინდა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მთავრობის თითოეულ წევრს, თანადგომისთვის, დახმარებისთვის. რომ არა ის მხარდაჭერა, რასაც ისინი იჩენენ ამ დარგის მიმართ, წარმოუდგენელი იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.