ირანის ელჩი: ვერანაირი ქარიშხალი და გრიგალი ირანი – საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის

ვერანაირი ქარი, ქარიშხალი და გრიგალი ირანსა და საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის, – ამის შესახებ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
ელჩის თქმით, საქართველოსა და ირანს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებშიც ძალიან კარგი ურთიერთობებია, ვინაიდან ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერს.
“დღევანდელი ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემის ადგილს საერთოდ ვერ ვხედავ. მეორეც, ამ კითხვით უნდა მომმართოთ არა მე, არამედ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ირანსა და საქართველოს შორის ამ ეტაპზე ერთ-ერთი საუკუეთესო ურთიერთობაა. ერთ-ერთი საუკეთესო საპარლამენტო თანამშრომლობა გვაქვს. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ყველა დონის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შედგა. 2016 წლის დასაწყისში ვგეგმავთ ირანის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს საქართველოში. კარგად ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები, პოლიტიკური ურთიერთობები.
2015 წელს, დაახლოებით 10-წლიანი პაუზის შემდეგ თეირანში გაიმართა ერთობლივი სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელსაც უკვე საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. ქართული მხარე სხდომას საკმადო დიდი სამთავრობო დელეგაციით დაესწრო. სხვადასხვა პერიოდში ირანსა და საქართველოს შორის დაახლოებით 80-მდე მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა. სამომავლოდ საუბარია, რომ დავიწყოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მომზადება. ჩვენ ყოველდღიურად ვანვითარებთ თანამშრომლობას და ურთიერთობას. საქართველოში ძალიან ბევრ უმაღლეს სასწავლებელში არსებობს სპარსული ენის კათედრა, სწავლობენ ირანელი სტუდენტები. ჩვენ ხელს ვუწყობთ წიგნების გამოცემას. თუნდაც დღევანდელი ღონისძიებიდან ჩანს, რომ ჩვენს კულტურულ ურთიერთობებს 8 საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი – ქართველმა მეცნიერმა თავისი წიგნი გამოსცა სპარსულ ენაზე.
ეს მეტყველებს იმაზეც, რომ საქართველოში სპარსულ ენას ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. შესაბამისად, როდესაც 8 საუკუნის წინ მსგავსი ურთიერთობა გვქონდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ არანაირი ქარი, ქარიშხალი, გრიგალი ჩვენს ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის”, – განაცხადა თალებიფარმა,რომელიც დღეს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში მე-12 საუკუნის ქართველი სწავლულის, ჰობეიშ თეფლისის სპარსულ ენაზე დაწერილი ნაშრომის – “სამედიცინო ენციკლოპედიის” პრეზენტაციაზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ,რომ დავით დონდუამ საქართველოს პარლამენტში, “თავისუფალ დემოკრატებთან” შეხვედრაზე განაცხადა, რომ “ამერიკელი კოლეგები გვთხოვენ, ჯერ თავი შევიკავოთ ირანთან არათუ სრულმასშტაბიანი თანამშრომლობისგან, არამედ საეროდ გახსნისთვის, სანამ ვენაში შეთანხმებული ყველა ვალდებულება არ შესრულდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები