“საქართველოს ხელისუფლება არ ცნობს ყირიმის ე.წ.რეფერენდუმს

  საქართველოს პრეზიდენტი ყირიმში გამართულ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცნობს ყირიმის ე.წ რეფერენდუმს და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაცია სწორედ ასეთი “რეფერენდუმებითა” და “არჩევნებით” ახორციელებს საოკუპაციო მმართველობას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. “უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში, კერძოდ, ყირიმში გამართული ე.წ. რეფერენდუმის გამო, რომელიც რეგიონის მომავალ სტატუსს უკავშირდებოდა. ასეთი ტიპის რეფერენდუმის გამართვას უკრაინის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და მას არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შედეგები. ამას გარდა, წარმოუდგენელია ვისაუბროთ თავისუფალი არჩევნისა და ხალხის ნების თავისუფალი გამოვლენის შესახებ იქ, სადაც მდგომარეობას აკონტროლებენ უცხო ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებები. საქართველომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მსგავსი ქმედება. რუსეთის ფედერაცია სწორედ ასეთი “რეფერენდუმებითა” და “არჩევნებით” ახორციელებს საოკუპაციო მმართველობას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საქართველოს ხელისუფლება არ ცნობს ე.წ. ყირიმის რეფერენდუმს, ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს ამ უკანონო რეფერენდუმის შედეგებს და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები