„პოზიცია“ NDI-ს კვლევებს არაობიექტურს და პოლიტიზებულს უწოდებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევებს არაობიექტურს და პოლიტიზებულს უწოდებს და უახლოეს დღეებში მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს წარმოადგენს, თუ რამდენად ენდობიან მას საქართველოში.
რაც შეეხება უნდობლობის მიზეზებს, როგორც „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი აცხადებს, ერთ-ერთი ის არის, რომ საქართველოში ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლად გამოყოფილი თანხები NDI-მ სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
როგორც გურამ ადამაშვილი აღნიშნავს, შვედეთის მთავრობამ საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლასა და დემოკრატიის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი თანხა გამოყო, თუმცა, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ეს თანხები ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური პიარისთვის ისე გახარჯა, სიღარიბე არავის გახსენებია.
„კარგად გახსოვთ, რომ შვედეთმა საქართველოს დასახმარებლად 95 მილიონი შვედური კრონი გამოყო, რომელიც საქართველოში არსებული ამერიკული ორგანიზაციების ხელში აღმოჩნდა. ეს თანხები შემდეგმა ორგანიზაციებმა დაინაწილეს: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI), ევრაზიის ფონდი და მისი „შვილობილი“ ევრაზიის პარტნიორობის ფონდი. ეს თანხა ისე დახარჯეს, სიღარიბე არავის გახსენებია. შეგახსენებთ: შვედეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის არამიზნობრივ ხარჯვას, მაგალითად, ამერიკული „ენ-დი-აის”- მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ პროექტი – 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოსახლეობის ვითომ გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც ნატოში გაწევრიანების იდეა, აშშ-ისადმი მხარდაჭერა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობა უმაღლესი პროცენტული მაჩვენებლით იყო დადასტურებული. არადა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ყოფილ პრეზიდენტს „ენ-დი-აის“ გამოკითხვის მეოთხედიც კი არ უჭერდა მხარს“, – აცხადებს გურამ ადამაშვილი. მისივე ინფორმაციით, აშკარაა, რომ „ენ-დი-აი“ აგრძელებს ე.წ. პოლიტიკურ კვლევებს, აქტიურად მუშაობს ყოფილი ხელისუფლების იმიჯზე და არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ ახლო მომავალში წარადგენს საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს, თუ რამდენად ენდობიან საქართველოში „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს” და მის კვლევებს.