“მთავარია, რა წერია კვლევაში და არა ის, ვინ ჩაატარა” – გიგლა აგულაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს
ის, რომ 96% არ იცნობს გამგებელს, უკვე თავისთავად ეს ნათქვამი ცოტა ეჭვს ბადებს, – ასე აფასებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის პრეზენტაციაც დღეს ჩატარდა.
მინისტრს მიაჩნია, რომ კვლევაში აღნიშნული მონაცემები არ არის რეალობის ადეკვატური.
“ჩემთვის კვლევის მეთოდოლოგიას აქვს მნიშვნელობა. სათაურებს, სახელებს, ვინ ჩაატარა, NDI-მ თუ სხვა კვლევითმა ორგანიზაციამ, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, კვლევაში რა წერია, მთავარია, როგორია მეთოდოლოგია და მთავარია, რამდენად ადეკვატურია ეს ყველაფერი”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, NDI-მ და CRRC-საქართველომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინეს. გამოკითხვა, ძირითადად, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებსა და თვითმმართველობის ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას მიეძღვნა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRCC-საქართველო ატარებს.