„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები მოსახლეობას არ შეეხება, რუსული გაზით შესაძლოა, კომერციული სტრუქტურები მომარაგდეს
„თუ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შედეგად რაიმე ხელშეკრულება გაფორმდება, ეს მოსახლეობას არ შეეხება“, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. როგორც ტყემალაძემ განმარტა, შესაძლოა, ტრანზიტულად იმ გაზის მოცულობა გაიზარდოს, რომელიც საქართველოზე გადის. ამ შემთხვევაში, მისი თქმით, კომერციულ კომპანიებს, რომელთაც სურვილი ექნებათ, გადაიხადონ მეტი ფული, რათა მიიღონ მეტი გაზი, შესაძლოა, მიეცეთ საშუალება, „გაზპრომთან“ პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმონ.
„გაზპრომი“ საქართველოს გაზს დღესაც აწვდის. ტრანზიტზე გადის საქართველოს გავლით სომხეთში გაზი და, ბუნებრივია, ამის რაღაც პროცენტი საქართველოში რჩება. ამიტომ ის, რომ, ვთქვათ, რომ ახალი მოთამაშე შემოვიდა, არ იქნება სწორი. საუბარია იმაზე, რომ გაიზარდოს ტრანზიტი და მივიღოთ უფრო მეტი შემოსავალი იქიდან ჩვენი პროცენტის ოდენობით. საუბარია იმაზე, ხომ არ შეიძლება, შეიქმნას ისეთი პირობები, რომ „გაზპრომის“ მიერ გატარებული გაზიდან, გააფორმონ პირდაპირი ხელშეკრულება გარკვეულმა კომერციულმა სტრუქტურებმა, რომელთაც თავიანთი საქმიანობისთვის შესაძლოა, აწყობდეთ კიდეც რუსული გაზის გარკვეულ ფასად მიღება. ეს არ ეხება მოსახლეობას და მათზე მიწოდებულ გაზს. ეს ეხება კომერციულ სტრუქტურებს, რომლის ნაწილსაც შესაძლოა, ერჩივნოს, რომ მიიღოს მეტი გაზი და გადაიხადოს მეტიც“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.