ფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ამპლუაში ყველანაირ პარტიულ მოღვაწეობას ვაჩერებ
პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ამპლუაში მე ვაჩერებ ყველანაირ პოლიტიკურ პარტიულ მოღვაწეობას და არანაირი პარტიული დღის წესრიგით აღარ ვიმუშავებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის ახალმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.
როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, ახალ თანამდებობაზე წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა „ახალ მემარჯვენეებთან“. მისი თქმით, ისინი არა მხოლოდ გაგებით შეხვდნენ ამას, არამედ სერიოზული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„როდესაც შემოთავაზება მივიღე, პირველი კონსულტაციები ჩემს თანაგუნდელებთან გავიარე. შაბათს მქონდა გაფართოებული შეხვედრა „ახალი მემარჯვენეების“ მთავარ საბჭოსთან და მინდა გითხრათ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი არა მარტო გაგებით შეხვდნენ ამ ამბავს, არამედ სერიოზული თანადგომა და მხარდაჭრა გამოუცხადეს ჩემს ამ ნაბიჯს, ჩემს ამ გადაწყვეტილებას. მე მათ წინაშე მოვიხსენი პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის მოვალეობა და პასუხისმგებლობა. პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ამპლუაში მე ვაჩერებ ყველანაირ პოლიტიკურ პარტიულ მოღვაწეობას და არანაირი პარტიული დღის წესრიგით აღარ ვიმუშავებ, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მე არამარტო ჩემს თანაპარტიელებთან „ახალ მემარჯვენეებთან“ მექნება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, არამედ ეს პოლიტიკური ამპლუა მაძლევს შესაძლებლობას, რომ გავაგრძელოთ ძალიან აქტიური თანამშრომლობა მთელ პოლიტიკურ სპექტრთან, ქართულ საზოგადოებასთან სამოქალაქო საზოგადოებასთან მედიასთან იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში განვახორციელოთ ის იდეები, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით და რომელიც თითოეული ჩვენგანის გულსა და გონებაში ამდენი ხნის განმავლობაში არის და იმედია, რომ ეს ყველაფერი რეალიზდება ძალიან მალე და უახლოეს ხანში“,- განაცხადა ჩიხრაძემ.