ფიქრია ჩიხრაძე: „გაზპრომთან” დაკავშირებული მიმდინარე პროცესები საზოგადოებისთვის გამჭვირვალე არაა
„გაზპრომთან“ დაკავშირებით პროცესები გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე: მოიწვევს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას “გაზპრომის” საკითხის გამო, რასაც საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს, ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია ამ თემაზე ინფორმაციებს აგროვებს.
„გაზპრომთან“ ურთიერთობა ის თემაა, რომელზეც განსხვავებული აზრები შეიძლება ჰქონდეს საქართველოში მყოფ პოლიტიკურ სპექტრს და ქართულ საზოგადოებას, რადგან ჩვენ მწარე გამოცდილება გვაქვს ამ კუთხით. ასეთივეა ჩვენი პარტნიორების და ევროპელების გამოცდილებაც, როდესაც „გაზპრომის“ გამოყენება ხდება პოლიტიკურ იარაღად. რაც შეეხება იმ პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე არაა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაკავებულია იმით, რომ აქტიურად მიიღოს ინფორმაცია, რასთან გვაქვს საქმე. უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანთან, როგორც პოლიტიკურ, ისე ენერგოუზრუნველყოფისა და ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ. არავითარი აუცილებლობა, დღევანდელი მონაცემებით, ე.წ. დივერსიფიცირების დაჩქარების არ იყო. არანაირი საფრთხე არაა, რომ ან გაზის ნაკადის შემცირება, ან ფასის ზრდა გველოდებოდა. ჩვენ ველოდებით უფრო ღრმა და მზარდ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან ამ საკითხთან მიმართებაში, რაც მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის საკითხთან. როგორც კი მივიღებთ ინფორმაციას, უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად, უახლოეს ხანში მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჩიხრაძემ.