ფიქრია ჩიხრაძე: დიდ პასუხისმგებლობად და პატივად მიმაჩნია ეს შემოთავაზება
ძალიან დიდ პასუხისმგებლობად და პატივად მიმაჩნია ეს შემოთავაზება და ამ გუნდთან ერთად მუშაობა, ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ ეს ყველაფერი წარმატებული აღმოჩნდეს და მე დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება იქნება თითოეული ჩვენგანის, საქართველოს წარმატება – ამის შესახებ პრეზიდენტის ახლად დანიშნულმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ განაცხადა.
ჩიხრაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენისთვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს თბილი წარდგენისთვის და, უპირველეს ყოვლისა, იმ შეთავაზებისთვის, რომელიც არის, მართლაც, ძალიან მნიშნელოვანი ჩემთვის. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ 30 წლის წინ მოვედით პოლიტიკურ ასპარესზე. ჩვენ მაშინ სავსენი ვიყავით იდეალებით, ეს იდეალები უკავშირდებოდა საქართველოს თავისუფლებას, მის დამოუკიდებლობას. გავიდა 30 წელი, ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს შვილები, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის ბევრი გზა გვაქვს გასავლელი“,- აღნიშნა ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით დგამს ძალიან გამიზნულ და შთამბეჭდავ ნაბიჯებს.
„ჩემი გადაწყვეტილება, რომ მე მიმეღო პრეზიდენტ მარგველაშვილის შემოთავაზება, გავმხდარიყავი პოლიტიკური მრჩეველი, განაპირობა სწორედ იმანაც, რომ მე ვფიქრობ, რომ გიორგი მარგველაშილი არის ხელისუფლებაში, არა მარტო დღევანდელ ხელისუფლებაში ერთ-ერთი თუ ერთადერთი ადამიანი, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით – დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით დგამს ძალიან გამიზნულ და შთამბეჭდავ ნაბიჯებს. მე ვფიქრობ, ეს ნაბიჯები არის წარმატებული და მომავალში იმედი მინდა ვიქონიო, უფრო წარმატებული იქნება სწორედ იმისათვის, რომ ჩვენ შევქმნათ, მართლაც, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, სადაც სახელისუფლებო შტოები იქნება სერიოზულად ურთიერთდაბალანსებული, შეიქმნება გარემო იმისათვის, რომ არსებობდეს თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია და არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდეს მას ამ კუთხით და არსებობდნენ ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დამყარებულები იქნებიან ახალ იდეებზე, ახალ პოლიტიკურ ხედვებზე“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.