გიორგი მარგველაშვილი: ფიქრიას პოლიტიკური გამოცდილება და კარგი პოლიტიკური კონტაქტები აქვს

ფიქრია ჩიხრაძე არის პიროვნება, რომელსაც შთამბეჭდავი, ხანგრძლივი და ინტენსიური პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგი პოლიტიკური კონტაქტები აქვს, – ასე ახასიათებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფიქრია ჩიხრაძეს, რომელიც მისი მრჩეველი გახდა. მარგველაშვილის განცხადებით, ახალი მრჩეველი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტთან ერთად იმუშავებს იმ პოლიტიკურ პროცესებთან მიიმართები, რის წინაშეც დღეს საქართველო დგას.
“დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ. ქ-ნი ფიქრია დაიკავებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ჩვენს ადმინისტრაციაში და იმ პროცესებში, რომელშიც აქტიურად ჩართულია პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ბუნებრივია, ჩვენ თანამშრომლობა სწორედ ქ-ნ ფიქრიას ვთხოვეთ გამომდინარე მისი შთამბეჭდავი და ძალიან ხანგრძლივი პოლიტიკური წარსულიდან. ქ-ნი ფიქრია მე მახსოვს სტუდენტობიდან, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც ყველა ჩართულნი ვიყავით პოლიტიკაში და შემდგომაც. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ინტენსიური პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგი პოლიტიკური კონტაქტები. ბუნებრივია, ქ-ნი ფიქრია უკვე იმუშავებს პრეზიდენტის ინსტიტუტში და პრეზიდენტთან მიმართებით და ერთად ვისაუბრებთ და დავგეგმავთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც საქართველოს აქვს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას და მის ახალ მრჩეველს სრული ღირებულებითი თანხმობა აქვთ და ერთნაირი ხედვა იმ პროცესებთან მიმართებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.
„მე მინიდა, ხაზი გავუსვა ჩვენს სრულ ღირებულებით თანხმობას, რადგან ჩვენ ძალიან ბევრ საკითხში ერთნაირად ვუყურებთ იმას, რაც უნდა გაკეთდეს ქვეყანაში. იმ პროცესებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს. ამავე დროს, ჩვენი თანამშრომლობა, ბუნებრივია, იქნება ერთმანეთის შემვსები. ჩვენთან გუნდში მოდის ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები