თავდაცვის სამინისტრო ნატოს მინისტერიალის შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე, მოკავშირეთა მხრიდან, დაფიქსირდა მოსაზრება, რომ საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ადეკვატურად უნდა აისახოს ალიანსის მომდევნო სამიტზე, ვარშავაში.
„8 ოქტომბერს გამართულ მინისტერიალზე, უკვე დაიწყო აქტიური მოსამზადებელი პერიოდი სამიტის დღის წესრიგის განსაზღვრის მიმართულებით. ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე, მოკავშირეთა მხრიდან, ცალსახად დაფიქსირდა მოსაზრება, რომ საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ადეკვატურად უნდა აისახოს ალიანსის მომდევნო სამიტზე, ვარშავაში.
ვარშავის სამიტამდე განხილვის საგანი შეიძლება იყოს ამ პროგრესის ასახვის ფორმები და შესაძლებლობები, მაგრამ შეხედულება, რომ ქვეყნის მიღწევები და შედეგები შესაბამისად უნდა აირეკლოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, სრულადაა გაზიარებული მოკავშირეთა მხრიდან. ქართული მხარის მიერ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა უახლოეს მომავალში ელის ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაწევრიანების მიმართულებით კონკრეტულ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ხელშესახები ცვლილებებითა და შედეგებით;
ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული საზოგადოების ურყევ ნებასა და საბოლოო მიზანს ჩვენი ქვეყნის ნატოში საბოლოო გაწევრიანება წარმოადგენს და პროცესის დაჩქარების მიზნით საქართველოს მიერ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას აქტიურად განაგრძობს. აღნიშნულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე. აღინიშნა, რომ პაკეტის ფარგლებში არსებული პროექტების განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას, ნატო-სთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლებას და შესაბამისად ემსახურება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მომზადების დაჩქარებას.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველა პრიორიტეტი დაგეგმილ ვადებში ხორციელდება. საგულისხმოა, რომ პაკეტით გათვალისწინებული ზოგიერთი ინიციატივის შესრულება დროზე ადრე, წინმსწრებადაც კი მინდინარეობს. შეხვედრების მსვლელობისას აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულების პირობებში, გაგრძელდება მუშაობა ნატო-საქართველოს ურთიერთობების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის მიზნით ხელშესახები და პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მაღალი ტემპებით აგრძელებს მუშაობას ვალდებულებებისა და დადგენილი პრიორიტეტების უზრუნველსაყოფად, რაც ადექვატურად უნდა აისახოს 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტის შედეგებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები