ირაკლი ქარსელაძე: სამეცნიერო ცენტრის განვითარების პროექტი ქართველ და უცხოელ მეცნიერებს გააერთიანებს
ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიების და საინჟინრო მიმართულების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
როგორც ქარსელაძემ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის შესახებ განზრახულობათა ოქმის გაფორმების შემდეგ აღნიშნა, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების სფეროში საუბარია ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციისგან (CERN), იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრისგან (CNAO) და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტისგან (ENFN) პირდაპირ მხარდაჭერაზე. საუბარი შეეხება როგორც ცენტრის დაფუძნებას, ისე მის ინფრასტრუქტურულ მოწყობას, მის აღჭურვას, თvითონ კვლევითი მიმართულებების განვითარებას.
„პერსპექტივაში გათვალისწინებულია, რომ ეს იყოს საინჟინრო-ტექნოლოგიურ-სამეცნიერო მიმართულების უნივერსიტეტი, რომელიც განავითარებს სწორედ ამ მიმართულებებს და, შესაბამისად, აქცენტები გაკეთდება როგორც თეორიულ კლასებზე, ასევე, რა თქმა უნდა, კვლევითი კომპონენტი იქნება ძალიან მძლავრი. თვითონ, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, იქნება უმთავრესი მიმართულება კვლევის განვითარებაში“, – აღნიშნა ქარსელაძემ.
მისი განმარტებით, საქართველოს შემთხვევაში საუბარია უკვე არსებული ოთხი ცენტრის, რომელიც არის იაპონიაში, გერმანიაში, ჩინეთსა და იტალიაში, გამოცდილების გაზიარებაზე. ირაკლი ქარსელაძის თქმით, პროექტის განხორციელებისას საუბარია ნახევარ მილიარდ დოლარზე, რომელიც მთლიანად დაფინანსდება „ქართუს“ მიერ.
„პროექტი, მასში მონაწილეობის მისაღებად, გააერთიანებს ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, რომლებიც შეიძლება წარმატებულნი იყვნენ. გია დვალი, თეიმურაზ ლომთაძე გახლავთ სწორედ ასეთი ქართველი მეცნიერები, რომლებმაც უზარმაზარ წარმატებას მიაღწიეს უცხოეთში და ახლა თავის გამოცდილებას უკვე ქვეყნის კეთილდღეობას და მის განვითარებას ახმარენ“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ცნობილია, რომ მთავრობა და ფონდი „ქართუ“, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში, მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებენ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გახდა ცნობილი, სადაც პროექტთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა.
CERN, CNAO და ENFN ქართულ მხარეს ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობასა და ფუნქციონირების საქმეში მიღებულ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ. აღნიშნული ორგანიზაციები ქართულ მხარეს გადასცემენ ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის საპროექტო დოკუმენტაციას, ასევე, გამოყოფენ სათანადო გამოცდილების ექსპერტებს, რათა ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ეფექტურად დაიწყოს ფუნქციონირება. მხარეები ითანამშრომლებენ სტუდენტებისა და მკვლევარების მომზადების ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში.
საქართველოს მთავრობამ, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი შეიტანა, რომლის საფუძველზე ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი უნდა დაფუძნდეს. ცენტრის დაფუძნების ინიციატივა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.