„უნივერსიტეტში სწავლა დიდი ალბათობით იქნება ფასიანი, თუმცა გაიცემა სტიპენდიებიც და ის ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის”

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის წევრის ნიკოლოზ ჩხეტიანის ინფორმაციით დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი თბილისში განთავსდება.
ჩხეტიანის თქმით, ცენტრის მშენებლობა დიდი სირთულის და მოცულობის პროექტია, მისივე განმარტებით ორივე პროექტისთვის ნახევარ მილიარდ ევრომდე გამოიყოფა. რაც შეეხება სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის ადგილმდებარეობას ჩხეტიანის თქმით კონკრეტული ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ეს არის ძალზე დიდი სირთულის და მოცულობის პროექტი. მისი განხორცილებისთვის გამოიყოფა ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი. უცხოური ორგანიზაციების ჩართულობა ამ პროექტში უმნიშვნელოვანესია. ისინი ჩართულები იქნებიან როგორც  დაგეგმარებაში ასევე შესაბამისი გამოცილდების გაზიარებაში. მას შემდეგ კი, რაც ცენტრი ჩამოყალიბდება ისინი უკვე მის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. ცენტრი დანამდვილებით ვიცით, რომ განთავსდება თბილისში, კონკრეტული ლოკაცია კი, უახლოეს პერიოდში შეირჩევა. ცენტრის სამუშაოები უკვე დაწყებულია.  ეს კვლევითი ცენტრი გულისხმობს ფუნდამენტალური მეცნიერების, პირველ რიგში, ფიზიკის და ასევე სხვა დარგების მეცნიერულ კვლევას. ეს ანდრონული მეთოდი აპრობირებულია და შესაძლებლობას იძლევა ისეთი მძიმე დაავადება, როგორიც არის ონკოლოგიური დაავადებები, უფრო ეფექტურად და უვნებლად იქნას დამარცხებული“, – განაცხადა ჩხეტიანმა.

ამასთან, როგორც ნიკოლოზ ჩხეტიანმა „მოამბის“ ეთერში განაცხადა,  ცენტრის ჩამოყალიბებისთანავე დაიწყება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა. მისივე თქმით, უნივერსიტეტში სწავლა როგორც ქართველ სტუნდენტებს ასევე  უცხოელებსაც შეეძლებათ.
„ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არის ამ დიდი მეგაპროექტის მეორე შემადგენელი ნაწილი. მისი განხორციელება დაიწყება კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებისთანავე. პირველ ეტაპზე საუბარია მაგისტრატურის, დოქტორანტურის და პოსტდოკის ნაწილებზე. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს. ასევე, უცხოეთის წარმომადგენლებს. მსგავსი ტიპის პროექტი საქართველოს რეგიონალურ ლიდერად აქცევს. უნივერსიტეტში სწავლა დიდი ალბათობით იქნება ფასიანი. იქნება სტიპენდიები და ის ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ჩხეტიანმა.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა და ფონდი „ქართუ“, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში, მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს. კონკრეტულად კი, საქართველოს მთავრობა და ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების სფეროში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN), იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრსა (CNAO) და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან (ENFN) ითანამშრომლებენ. საქართველოში სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდნენ CERN-ის სამეცნიერო დირექტორი სერჯიო ბერტოლუჩი, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველი ქრისტოფერ შეფერი, CNAO-ს გენერალური მენეჯერი სანდრო როსი და ENFN-ს პრეზიდენტი ფერნანდო ფერონი. დღეს მათთან მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროექტის თანაავტორი გია დვალიც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები