ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის პროექტში მონაწილეობას მსოფლიო დონის მეცნიერები მიიღებენ
ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის პროექტში მონაწილეობას მსოფლიო დონის მეცნიერები მიიღებენ.
როგორც “კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაფუძნებისა და განვითარების სფეროში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN), იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრსა (CNAO) და ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან (INFN) ითანამშრომლებს.
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის კვლევებისა და სამეცნიერო-კომპიუტერული დირექტორი სერჯიო ბერტოლუჩი, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველი ქრისტოფ შეფერი, იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრის გენერალური მენეჯერი და ტექნიკური დირექტორი სანდრო როსი და ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტი ფერნანდო ფერონი საქართველოში სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდნენ. სერჯიო ბერტოლუჩი არის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი ფიზიკაში, წლების განმავლობაში მუშაობდა ექსპერიმენტული ნაწილაკების ფიზიკის სფეროში გერმანიის, აშშ-სა და იტალიის მსოფლიო დონის ლაბორატორიებში, ასევე იყო იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი; რაც შეეხება სანდრო როსის, ის პროფესიით ფიზიკოსია. 2003 წლიდან ის კოორდინაციას უწევდა იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული პაციენტების სამკურნალო ინსტრუმენტების დიზაინის შექმნასა და ამუშავებას. ცენტრმა დღემდე ასობით პაციენტს უმკურნალა, რომლებსაც პოზიტიური შედეგები აქვთ. ამ ინოვაციური პროექტის ღირებულება 170 მილიონ ევროს აჭარბებს და მისთვის საჭირო კომპონენტების შექმნაში 600-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. სანდრო როსის, კარიერის მანძილზე, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი. რომის “ლა საპიენსას” უნივერსიტეტის პროფესორი ფერნანდო ფერონი ბირთვულ სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ექსპერიმენტული კვლევის ავტორია. წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის მსოფლიო დონის ლაბორატორიების სამეცნიერო კომიტეტების წევრი იყო.