მანანა კობახიძე მეხიკოში ქალთა გლობალურ ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე სამუშაო ვიზიტით მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში იმყოფება.
დეპუტატი პარლამენტარ ქალთა გლობალურ ფორუმში მონაწილეობს, რომელსაც 80 ქვეყნის პარლამენტარი ქალები ესწრებიან.
დღეს მანანა კობახიძე სიტყვით მიმართავს კოლეგებს და მიმოიხილავს საქართველოში კანონმდებელი ქალების საქმიანობას; ყურადღებას გაამახვილებს ქალთა უფლებების დაცვასა და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის ხარისხზე. მოხსენებაში საუბარი შეეხება დევნილი ქალების პრობლემებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალთა და გოგონათა უფლებების დარღვევის ფაქტებს.
“იმის გათვალისწინებით, რომ აქ რუსეთის დუმაც არის წარმოდგენილი, დევნილი ქალების პრობლემებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალთა და გოგონათა უფლებების დარღვევებზე უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებ, ეს ჩვენთვის მაინც უმთავრესია”, – განაცხადა კობახიძემ.