„ეს ცენტრი მოემსახურება საზოგადოებას და დაეხმარება ხალხს სიმსივნის განკურნებაში“
ტექნლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების იდეას უცხოელი პარტნიორები საქართველოში დადებითად აფასებენ.
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის – CERN-ის სამეცნიერო დირექტორმა სერჯიო ბერტოლუჩიმ, ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის INFN-ის პრეზიდენტმა ფერნანდო ფერონიმ და იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრის (CNAO) გენერალურმა მენეჯერმა სანდრო როსიმ პროექტის მნიშვნელობაზე დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და ვიწყებთ თანამშრომლობას, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ეს არის ძალიან ამბიციური და გრძელვადიანი გეგმა, რომელსაც დიდი გავლენა ექნება საზოგადოებაზე, განათლებაზე და ინდუსტრიის განვითარებაზე მომავალში. მოხარულნი ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ პროცესში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თანამშრომლობისა და წარმატებისთვის“, – განაცხადა CERN-ის სამეცნიერო დირექტორმა სერჯიო ბერტოლუჩიმ.
INFN-ის პრეზიდენტის, ფერნანდო ფერონის თქმით, საქართველოში იქნება მულტიდისციპლინური ცენტრი და ის შეიქმნება ფიზიკოსებისთვის, ინჟინრებისთვის, ბიოლოგებისთვის და ექიმებისთვის.
„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ ამ დიდი პროექტის შესახებ. ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნების მომავალი დაფუძნებულია ცოდნაზე, ტექნოლოგიების დახვეწაზე და ინოვაციებზე. ამაყნი ვართ, ვითანამშრომლოთ და ერთად მივაღწიოთ ყველა მიზანს. ეს ცენტრი მოემსახურება საზოგადოებას, დაეხმარება მას სიმსივნის განკურნებაში, რაც თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა და მეცნიერებს დაეხმარება კვლევების წარმოებაში. ეს იქნება მულტიდისციპლინური ცენტრი. ის შეიქმნება ფიზიკოსებისთვის, ინჟინრებისთვის, ბიოლოგებისთვის და ექიმებისთვის. ასე, რომ მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ამ წამოწყებისთვის და დიდ წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა ფერნანდო ფერონიმ.
CNAO-ს გენერალური მენეჯერი სანდრო როსი კი აცხადებს, რომ საქართველო ხდება ძალიან იშვიათი ადგილი მსოფლიოში, რომელშიც სიმსივნის განკურნების თანამედროვე ტექნოლოგია იქნება.
„ნამდვილად მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ამ პროექტით საქართველო ნამდვილად ხდება ძალიან იშვიათი ადგილი მსოფლიოში, რომელსაც ექნება სიმსივნის განკურნების ეს ტექნოლოგია. ამ სახის მხოლოდ ოთხი ცენტრი არსებობს მსოფლიოში – იტალიაში, გერმანიაში, ჩინეთსა და იაპონიაში. ასე, რომ ეს არის ძალიან გამორჩეული ტექნოლოგია, ის მნიშვნელოვანია პაციენტების განკურნებისთვის, ასევე კვლევების წარმოებისთვის, ახალი თაობის გაზრდისთვის და ვფიქრობ, ის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის“, – აღნიშნა სანდრო როსიმ.
ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა და ფონდი „ქართუ“, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში, მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს. კონკრეტულად კი, საქართველოს მთავრობა და ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების სფეროში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN), იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრსა (CNAO) და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან (ENFN) ითანამშრომლებენ. საქართველოში სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდნენ CERN-ის სამეცნიერო დირექტორი სერჯიო ბერტოლუჩი, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველი ქრისტოფერ შეფერი, CNAO-ს გენერალური მენეჯერი სანდრო როსი და ENFN-ს პრეზიდენტი ფერნანდო ფერონი. დღეს მათთან მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა.