დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუე ბინს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუე ბინს შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები მრავალი მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური
და ინვესტიციების კუთხით, დინამიკურად ვითარდება.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომელსაც მხარეებმა წარმატებული და შინაარსობრივად დატვირთული უწოდეს. ითქვა, რომ ჩინეთის მხარე ჩვენს ქვეყანას განიხილავს, როგორც სანდო პარტნიორსა და მთავარ დასაყრდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამედროვე ახალი ინიციატივის „ახალი აბრეშუმის გზის – ეკონომიკური სარტყელის“ ფარგლებში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმს, რომელიც 15-16 ოქტომბერს გაიმართება. ფორუმი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ჩატარდება, საქართველოს მთავრობის ორგანიზატორობით და ჩინეთის მთავრობის თანაორგანიზატორებით გაიმართება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ „თბილისის აბრეშუმის ფორუმი“ ხელს შეუწყობს „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ვაჭრობის და მრეწველობის სფეროებში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩინეთიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, სადაც ჩინურ კაპიტალს შეიძლება ჰქონდეს დაინტერესება.