დავით დონდუა: მაპი, სავარაუდოდ, არ იქნება
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, მაპი, სავარაუდოდ, არ იქნება.
მისი თქმით, დეკემბრისა და ივნისის სამიტზე საქართველო მაპს ვერ მიიღებს.
„სამწუხაროდ, უკრაინამ გადაფარა საქართველოს თემა. როდესაც ყურადღება მახვილდება ჩვენს რეგიონზე, ყოფილ საბჭოთა კავშირზე, მთელი ყურადღება არის უკრაინაზე. დიდი ალბათობით რაღაც მნიშვნელოვან ნაბიჯს ინტეგრაციის გზაზე ვერ მივიღებთ. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იგულისხმება მაპი. სამაგიეროდ, უკვე დეკემბერში ალბათ გამოცხადდება ის, რომ მონტენეგროს მისცემენ უკვე გაწევრიანების პერსპექტივას და შემდეგ მომავალ ზაფხულში, ივლისში არის უკვე ნატოს სამიტი, სადაც ჯერ არ ვიცით, რას მივიღებთ ამ სამიტიდან. ერთი რამე ვიცით, რომ მაპი, სავარაუდოდ, არ იქნება“, – ამბობს დავით დონდუა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის შიგნით სხვა მესიჯებს იყენებს, ხოლო საგარეო პოლიტიკისთვის სხვა მესიჯები აქვს.
როგორც დონდუა აცხადებს, მთავრობას წინასაარჩევნოდ ზედმეტი მოლოდინების შექმნა არ სურს.
“გარეთ სხვა მესიჯი გვაქვს, შიგნით – სხვა. გარეთ სულ ვლაპარაკობთ მაპზე. ყოველ შემთხვევაში დეკემბრამდე ვილაპარაკებთ, არა იმიტომ, რომ იმედი გვაქვს, რომ მაპს მოგვცემენ, ამას ვიყენებთ სავაჭროდ, რომ თუ მაპი არა, რაღაც მნიშვნელოვანი გვქონდეს, უკვე დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ შევიმუშავებთ ახალ სტრატეგიას, თუ რა ვილაპარაკოთ როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. შიგნით არ გვინდა გავზარდოთ მოლოდინები, რადგან მომავალ არჩევნებს ივლისის სამიტი ძალიან ცუდად ემთხვევა და არ გვინდა, რომ ეს იყოს დამაზიანებელი საქართველოსთვის,” – აცხადებს დავით დონდუა.