“2008 წლის ომის გამოძიების პროცესში შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს”
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის ომის გამოძიების შესახებ რუსულ პრესაში აქტიურად განიხილება. როგორც რუსული გაზეთი „კომერსანტი“ წერს, გამოძიების პროცესში შესაძლოა, საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს. ამ გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისი კომისია პროკურორის მიერ წარმოდგენილ მასალებს და სხვა ინფორმაციას შეისწავლის.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის გამოძიების შესახებ მიხეილ სააკაშვილი მიესალმება, შესაბამისი განცხადება მან ფეისბუქში გამოაქვეყნა.
“მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გადაწყვეტილებას, დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამოძიება. ჩვენმა ხელისუფლებამ 2008 აგვისტოშივე მიმართა პროკურორის ოფისს, მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის, მათ შორის, ადამიანურობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულების შესახებ“, – დაწერა სააკაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობს პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენოს ეს პროცედურები.
„მნიშვნელოვანია, რომ პროკურორის ოფისს ქართულმა მხარემ სრულად მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის ეთნიკური წმენდის შესახებ”, – აღნიშნულია სააკაშვილის განცხადებაში.