გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტებს განაგრძობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.
უწყების ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრები ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან გამართა.
მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები მიმოიხილეს. ევროკომისარმა დადებითად შეაფასა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა.
აღინიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ასევე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჰერბერტ ზალბერს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებული მდგომარეობა და ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდა მიმოიხილეს.
ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის პროცესში.
გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა ასევე, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ქვეყნების ელჩებთან და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტებს დაეთმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები