„ამაყი ვარ, რომ ასეთი ხალხის მთავარსარდალი ვარ“

თქვენ ხართ ადამიანები, ვის გამოც ჩვენ ვართ ამაყი ყველა შეხვედრის დროს, რომლებსაც ვმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან – ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში, “ლეზერნიკის” სამხედრო ბაზაზე გუშინ ქართველ სამხედროებს მიმართა. პრეზიდენტმა მიმართვისას, მსოფლიოს უსაფრთხოების პროცესში ქართველი ჯარისკაცების წვლილზე ისაუბრა და მათი სიმამაცეს გაუსვა ხაზი.
“ამაყი ვარ, რომ ვდგავარ თქვენს გვერდით – ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, ვინც იცავს ჩვენი სამშობლოს სახელს, ქართველი მეომრის ღირსებას; ინარჩუნებს ქართველი კაცის უნარს, დაიცვას თავისი სამშობლო, თავისი იდეალები, თავისი მეგობრები და მოკავშირეები.მე ამაყი ვარ, რომ ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, ვისაც ქართული დროშა მსოფლიოს მაშტაბით, ძალიან მაღლა აქვს აწეული. თქვენ ხართ ხალხი, თქვენ ხართ ადამიანები, ვის გამოც ჩვენ ვართ ამაყი ყველა შეხვედრის დროს, რომლებსაც ვმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ქართველებს სიამაყის საბაბს გვაძლევენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას – თქვენმა ღირსებამ, რომელითაც ჯარისკაცის მუნდირს ატარებთ, შორს გაითქვა სახელი. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც საქართველოს დროშა გაიტანა ISAF-ის მისიაში და ამ მისიაზე საუბრისას, არა მარტო თქვენი ოჯახის წევრების, არამედ ძალიან ბევრი ქართველის გული ძგერს და ივსება სიამაყითა და სიყვარულით. თქვენ ხართ ხალხი, რომლებსაც ელოდებიან და რომლებითაც ამაყობენ! მე, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი და თქვენთან ერთად მყოფი, ამაყი ვარ იმით, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ და ასეთი ხალხის მთავარსარდალი ვარ! ბუნებრივია, გმირობას, რომელსაც თქვენ ყოველდღე იჩენთ, სამწუხაროდ, მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია და უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველა ჩვენგანს ისევე სტკივა, როგორც თქვენ. ამავე დროს, გვეამაყება ის ადამიანები, რომლებმაც ჯანმრთელობა ან სიცოცხლე შესწირეს ამ მისიის შესრულებას. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოში ყველა აფასებს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, რადგან ეს არის ბრძოლა საქართველოს სიძლიერისათვის, ეს არის ბრძოლა მსოფლიოს სტაბილურობისათვის. ამას იაზრებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომლებიც სიამაყითა და იმედით აღსავსე ელოდებიან თქვენს დაბრუნებას. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, რათა მსოფლიო ყოფილიყო უფრო მშვიდი და სტაბილური; რათა გლობალური წესრიგი და გლობალური სიმშვიდე დამყარებულიყო. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მუშაობას, რათა მთელი სამყარო იყოს მშვიდობიანი და მშვიდობამ დაისდგუროს ყველა ქვეყანაში, რაც მთავარია, საქართველოში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მოკავშირეებს; მინდა ვუთხრა მადლობა იმ ადამიანებს, ვინც თქვენთან ერთად ყოველდღიურად რთულ და რისკიან სამუშაოს ასრულებს; მინდა მადლობა ვუთხრა მათ იმისათვის, რომ ისინი თქვენთან ერთად და თქვენ გვერდით არიან, რეალურად, არაფრით არ განსხვავებენ ერთმანეთისგან და საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებენ, თქვენთან ერთად ცდილობენ, ყველაფერი მშვიდობიანად და წარმატებულად განხორციელდეს. საგანგებო მადლობა მინდა ვუთხრა ყველა სამხედრო ხელმძღვანელს, ყველა ამერიკელ გენერალს, რომლებსაც ქართველი ჯარისკაცის ხსენებაზე სახე ებადრებათ და სიყვარულით საუბრობენ იმ წარმატებისა და განსაკუთრებული მხედრული სულის შესახებ, რომლითაც ქართული ჯარი გამოირჩევა.ეს ეტყობა უკლებლივ ყველა ამერიკელ გენერალს, რომელსაც შეხება ჰქონია ქართველ ჯარისკაცებთან. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მსურს აღვნიშნო – ჩვენ ვამაყობთ თქვენით. გისურვებთ წარმატებულ, მშვიდობიან სამსახურს! მთელი საქართველოს სახელით მინდა მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რასაც თქვენ აქ ჩვენი სამშობლოსათვის აკეთებთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაცებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები