აზერბაიჯანული მედია – „გაზპრომი“ და „სოკარი“ საქართველოსთვის გაზის ომს იწყებენ

საქართველოს ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანას მეტი გაზი სჭირდება და მის შეძენას რუსეთში აპირებს, აზერბაიჯანული მედია გამოეხმაურა. გამოცემა haqqin.az-ის ინფორმაციით, ეს ფაქტობრივად რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს ბაზრისთვის ბრძოლის დაწყებას ნიშნავს.
„ჩვენთვის გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, მაგრამ გარკვეულ დონეზე მეტის მოწოდება ამ ქვეყანას არ შეუძლია. თუ ჩვენ მისაღებ ფასად რუსულ აირს მივიღებთ, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს კონკურენციას გაუწევს, ეს ძალიან კარგი იქნება“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს. მან ასევე დაამატა, რომ საქართველო რუსეთისგან გაზს 2008 წლის ომის დროსაც იღებდა და მას მომავალშიც მიიღებს.
ამჟამად აზერბაიჯანი საქართველოს ბუნებრივი აირის მოთხოვნილების 90%-ს აკმაყოფილებს. რუსეთი საქართველოს გავლით აირს სომხეთში აწვდის, საქართველოში კი მისი ნაწილი ტრანზიტისთვის საფასურის სახით რჩება. ამასთანავე, საქართველო აზერბაიჯანისგან გაზს უფრო დაბალ ფასად ყიდულობს, ვიდრე სომხეთი რუსეთისგან. თუმცა ბოლო დროს რუსეთმა სომხეთს აირი 189-დან 165 დოლარამდე შეუმცირა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებას, სავარაუდოდ, გადაწყვეტილი აქვს გაზის ბაზარზე აზერბაიჯანული კომპანიების მონოპოლიას ბოლო მოუღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები