ილია ელოშვილი “გაზპრომზე” – უნდა მივეჩვიოთ, რომ ვიყოთ პრაგმატულები
ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან მკაცრად უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკა და ეკონომიკა, – ასე ეხმაურება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის “გაზპრომის” წარმომადგენელთან შეხვედრებს.
როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ არც აზერბაიჯანის მხრიდან იქნება პრობლემა, თუკი საქართველო გაზის მოწოდების ალტერნატიულ წყაროებს მოძებნის.
“რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სანდო პარტნიორია რუსეთი, მინდა, გითხრათ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტის 99 პროცენტი რუსეთიდან ხორციელდება და არასდროს არანაირი პრობლემა არ გვქონია. როდესაც არსებობს კომერციული გარიგებები, ეს გარიგებები რუსეთის მხრიდან ყოველთვის სრულდებოდა.
რაც შეეხება “გაზპრომთან” დაკავშირებულ საკითხს, ჩვენ პრაგმატული ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პოლიტიკა და ეკონომიკა. აქ მთავარია, ჩვენ დივერსიფიცირებულნი ვართ სხვადასხვა მომწოდებლის მხრივ – გვაქვს როგორც საკუთარი ტრანზიტული რესურსები, ასევე გვყავს აზერბაიჯანი, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი.
თუკი “გაზპრომიდან” იქნება კომერციულად გამართლებული შემოთავაზება, რაც ჩვენს ეკონომიკას წაადგება და არ დააზიანებს ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას, ამაში მისასალმებელის გარდა, არაფერია. უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ვიყოთ პრაგმატულები და არა გადაწყვეტილებების ცხელ გულზე მიმღებნი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ელოშვილმა.