თბილისის საკრებულოში ბატალიონის „თბილისი“ მოხალისეთა მემორიალური დაფა გაიხსნა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში აფხაზეთის ომის დროს გმირულად დაღუპული ბატალიონის „თბილისი“ მოხალისეთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა გაიხსნა. როგორც “კვირას” საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი, მისი პირველი მოადგილე-გიორგი ტყემალაძე, მოადგილეები, საკრებულოს უმრავლესობისა და ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები, ასევე, ბატალიონ „თბილისის“ მოხალისეები ესწრებოდნენ.
მემორიალური დაფა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ბატალიონ „თბილისის“ მოხალისეთა მეთაურმა აკაკი ქავთარაძემ გახსნეს.
„აფხაზეთის ომში წასული მოხალისეების ნაწილი გმირულად დაეცა ქვეყნის თავისუფლების ბრძოლაში, სწორედ მათი გვარები და სახელებია ჩამოწერილი ამ დაფაზე, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ იცოდეს, თუ ვის მხრებზე დგას ჩვენი სახელმწიფო“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის შალვა ოგბაიძის თქმით, თბილისის საკრებულოში მის გახსნას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან 1993 წელს სწორედ ამ შენობიდან მოხდა აღნიშნული ბატალიონის მოხალისეთა ნაწილის ომში გაცილება და დალოცვა.
„წლების წინ, სწორედ აქ, ძველი მერიის შენობაში გმირულად დაღუპული ბიჭების ხსოვნის უკვდავსაყოფად გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელიც შენობის რეკონსტრუქციის დროს დაიკარგა. საბედნიეროდ, დღეს საკრებულოს დეპუტატებისა და ბატალიონ „თბილისის“ მოხალისეების ინიციატივით მემორიალური დაფა აღდგა და დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი საკრებულოში, რათა ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი აფხაზეთი და ომში გმირულად დაღუპული ბიჭები“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ და დასძინა, რომ საქართველო ვერ იქნება გამარჯვებული და წელში გამართული, თუკი დაკარგული ტერიტორიები არ იქნება დაბრუნებული. მისივე თქმით, სწორედაც სიმბოლურია, რომ ამ მემორილურ დაფას მთლიანი საქართველოს კონტური ამშვენებს.